F.R.I.E.N.D.s

F.R.I.E.N.D.s

Apr 14, 2011

ისევ წარსული...

ისევ გაზაფხულდა ჩემს ქალაქში და მაინც დახუთული ოთახის სარკმელთან ვზივარ მარტოდმარტო. გარეთ ნუშის ყვავილების ტკბილი სურნელი და მშვიდი საღამოს სუსტი სიო მართობს. ფიქრების კვამლში გახვეული ვცდილობ როგორმე მოვწყდე ამ უსასრულო გზაჯვარედინს, მაგრამ არ ვიცი რომელ გზას გავყვე: არჩევანის დროს გონების კარნახს მეტად ვენდობით ხოლმე, ვიდრე საკუთარ გულისცემას...

მახსენდება ყოველი განვლილი დღე... მაგრამ დღეს სხვა არაფერი მინდა - ისევ წარსულის ბნელ სივრცეში უნდა ვაფათურო ყინვისგან დაღლილი ხელი სანამ არ მივაგნებ საგანგებოდ გადაკარგულ და მივიწყებულ სინანულის ცრემლს... არ მინდა ის დაკარგული ცრემლი შენ იყო!!! თუმცა რაც მეტად ვფათურობ სულის სიღრმეში უფრო და უფრო მცივა, მთრთოლვარე ტუჩებიც სივრცეს ეყინება და... ვფიქრობ ისევ შენზე. გახსოვს ის ნაცნობი მელოდია: ყველაფერს გავაკეთებ-თქო და არაფერი გამიკეთებია შენთვის!!!

Mar 31, 2011

წვიმად გადავიქცევიიი!!!

ღამეა... აწვიმს იასამნის სურნელით გაბრუებულ ჩემს ქალაქს. ბნელა და ქუჩები მაინც ფერადი ქოლგებითაა სავსე. აივანზე გავდივარ და ვცდილობ ცივი წვიმის წვეთებით გავიგრილო აზრებით გახურებული გონება - გადავყოფ აივნიდან თითებს და ჩუმად ვმღერი: "წვიმად გადავიქცევიიიი, შენთან გამოვიქცევიიი"... ეს სიმღერა ბავშვობას მაგონებს - მიყვარდა პატარა თოვლის კაცის საოცარი უნარი - "ხან წვიმა ვარ, ხანაც გუნდა" - მეც ველი ივლისში თოვლს...



ვდგავარ ჩემი ეზოს შუაგულში, ფერადი ბოტებიტ, თმებამდე სველი და გუბიდან გუბეში დავხტი. ცრემლები ერევა წვიმას, სევდის და სიხარულის ცრემლები - და ეს მაშინებს და მახარებს ერთდროულად... სრულიად ახალი განცდები, ემოციები მუდმივად მეხლართება გონებაში და სწორ პასუხს ვერესოდეს ვპოულობ... ჩემი IQ ტესტიც მუდმივად ბუნდოვანია და ახლაც მიწევს ღირებულებათა გადაფასება რომ გავერკვე რა მსურს... თანდათან უფრო მიზიდავს ეს ბავშვური ლაბირინთი და თავის დაძრომას არც ვცდილობ!!!



ისევ წვიმს - წვიმს კოკისპირულად. თვალებს ვხუჭავ, მაგრამ ვერ ვიძინებ, სულ ვფიქრობ... მგონი უკვე ოცდამეერთედ ჩავალაგე ჩემოდანი და ახლა ოცდამეორედ ამოვალაგებ რომ თავიდან დავიწყო... ალბათ ეს შიშია, რაღაც ახლის, ხვალინდელ მზის სხივს რომ მოყვება, მაგრამ თბილისში ისევ წვიმს, წვიმს გადაუღებლად. მინდა ფრენა და მჯერა შევძლებ - მე ხომ ის გოგო ვარ, ყველაფერი რომ შეუძლია!!! აიი, უკვე დავფრინავ... ფერად სიზმრებში...



აეროპორტის ფოიეში დაუსრულებელი ხვევნა-კოცნის შემდეგ ვხვდები რომ ასე ჯობს... მიყვარს და მენატრება ყველა, მაგრამ არაფერს ვნანობ. მინდა, მჭირდება ეს სიახლე - მოწმენდილ ცას რომ მოაქვს - თავისუფლების, დიდების და წარმატების სურნელით სავსეს - ჩემი ეზოს იასამნით გაჟღენთილი წვიმის ნაცვლად!!!



ოღონდ დ რ ო ე ბ ი თ !!!!!! : ))))))

Feb 5, 2011

თამაში რომელსაც წესები არ აქვს

ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ჩვენი გულის ცრხრაკლიტულის გასაღებს სასურველ მამაკაცს მივანდობთ იმ იმედით, რომ ის არაფერს დაიშურებს ჩვენი მარადიული გრძნობის შესანარჩუნებლად.…ეს ყოველივე ზღაპრებში, ცხოვრებაში კი ყველაფერი სხვანაირად ხდება.

სავსებით შესაძლებელია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, თქვენი ერთი შეხედვით უწყინარი რაინდი, გრძნობებზე მოთამაშე თაღლითად იქცეს. ნუ შეშინდებით – სიყვარული ხომ თამაშია, რომელსაც არავითარი წესები არ აქვს!!!

ფსიქოლოგები გვიხსნიან, რომ არაფერს შეუძლია ქალის თვითშეფასების უნარს დაღი დაასვას ისე, როგორც სასიყვარულო ასპარეზზე განცდილ მარცხს, ჰოდა, საყვარელი მამაკაცის მიერ გატეხილი გული უსასრულო დეპრესიის მიზეზად რომ არ გვექცეს, ვეცადოთ საკუთარი წესებით ვმართოთ სიტუაცია.

ამბობენ, მამაკაცებს ცვლილებები უყვართ, ერთსა და იმავე ქალთან დიდხანს ვერ ძლებენ, სიახლეს ეძებენ;…ისეთ ქალებსაც ვიცნობ, მსგავს მამაკაცებს თავიანთი კრეატიულობით იმდენ თავსატეხს უჩენენ, თავგზას ისე ურევენ, რომ მათი მუდმივი ინტერესის სფეროდ რჩებიან.

მამაკაცი არ ვარ, მაგრამ ცვლილებები მეც მიზიდავს, არც უკიდეგანო ცაზე მოციმციმე ვარსკვლავზე ვიტყოდი უარს – რთული სამიზნეა, შესაძლოა თითებიც კი დამწვას, მაგრამ დასახული მიზნისკენ სავალ გზაზე არასოდეს ვყრი ფარხმალს!!!

Do Everything, But Don’t Give Up – თუ თქვენი რჩეუილიც მსგავსი ტაქტიკით მოქმედებს თქვენთან დასაახლოვებლად, მერწმუნეთ, რაც უფრო მეტ დაბრკოლებას გადალახავთ ამ თამაშში, მით უფრო მეტი დრო გექნებათ ერთმანეთის გრძნობების გამოსაცდელად – იქნებ ეს მართლაც მხოლოდ თამაშია!!!…

მაგრამ თუ თქვენ თავგადასავლების მაძიებელი არ ხართ და გირჩევნიათ მშვიდად შეხვდეთ მორიგ სასიყვარულო გამოწვევას, უბრალოდ საკუთარ გულისთქმას მიენდეთ – შეცდომები გეპატიებათ, თამაშში ხომ რისკიან ადამიანებს უფრო უმართლებთ!!!

ბოლომდე მივყვეთ ფსიქოლოგების რჩევას და საკუთარი თავის ფასი შევიგრძნოთ – ჩვენ, ქალები ხომ სამყაროს ყველაზე ამოუცნობი ქმნილებები ვართ!!! პრობლემები? – ისინი მხოლოდ გვართობს და ცხოვრებას გვიფერადებს და როდესაც ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა, ვიცით, რომ საკმარისია მხოლოდ გავუღიმოთ ცხოვრებას და ის არაერთხელ მოგვცემს შანსს!!

მოემზადეთ საკუთარი თავის საპოვნელად!

თანამედროვე ქაოტურ სამყაროში ჩვენ, ქალები გამუდმებით ახლის ძიებაში ვართ, რის გამოც, საკუთარ თავსაც კი ვკარგავთ ხოლმე...

შეიძლება ითქვას, იმისთვის, რომ ყველა ცხოვრებისეული კაპრიზი დავიკმაყოფილოთ და არც თავი დავკარგოთ, ისღა დაგვრჩენია გარემოს მხოლოდ ვარდისფერი სათვალით ვუყუროთ ან კონკიასავით, ჩვენი ბედი კეთილ ფერია-ნათლიას მივანდოთ.

მოემზადეთ! საკუთარი თავის საპოვნელად, დროში მოგზაურობისას, შესაძლოა იმდენ სტრესულ სიტუაციას წააწყდეთ, რომ სახესა თუ სხეულზე გაჩენილი ნაოჭები ვეღარ დათვალოთ...ამიტომაც, გაგიმხელთ ანტისტრესულ რეცეპტს, რომელიც თვითდამკვიდრების ჯადოსნურ სამყაროში, ერთგულ მეგზურობას გაგიწევთ. მენდეთ, საკუთარი თავის პოვნის სიამოვნებას ამქვეყნად ვერც ერთი უკაცრიელი კუნძულის მღელვარე ტალღები ვერ შეცვლის.

თვითდამკვიდრება, ალბათ, ყველა ქალის ცხოვრების მიზანია. არა აქვს მნიშვნელობა რომელი სოციალური ფენის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ აღმსარებლობის ხარ თუმცა, დამეთანხმებით, არსებობს სხვა და სხვა გარეშე ფაქტორი, რომელიც საკუთარი „მეს“ ძიების გზაზე უამრავ ბარიერს ქმნის.

ალბათ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაანალიზოს, რომ თვითშეფასების ხარისხის შემცირებისთანავე, მარტივად შეიძლება ვიქცეთ გარემოს მსხვერპლად...

როგორ ვიზრუნოთ საკუთარი თავის დამკვიდრებაზე? - ფსიქოლოგები გვპასუხობენ, რომ ძიების პროცესი ჯერ კიდევ ბავშვობაში იწყება და ასაკის მატებასთან ერთად, სხვა და სხვა ფაზას გადის. ხასიათის, ეთიკის, ღირებულებათა სისტემისა თუ სხვა უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენს პიროვნებად ჩამოყალიბებას ის გარემო პირობები და საზოგადოება უწყობს ხელს, რომელშიც დაბადებიდან ვიმყოფებით.

ბავშვობა, ძირითადად, ლაღი პერიოდია – როდესაც ადამიანი თავისუფალია ზედმეტი პრობლემებისგან. გარდატეხის ასაკში კი ჩვენი ემოციები და სამყაროსადმი განწყობა ვნებითა და ლტოლვის ინსტიქტებით იმირთება. ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი მაქსიმალურ თავდაჯერებულობას გრძნობს და საკუთარი პიროვნება სამყაროს ცენტრად მიაჩნია.

მახსოვს, უმაღლესში სწავლისას უსასრულო ლექციებისა და კოლოქვიუმებისგან დაღლილს, ცხოვრება ერთფეროვან უსასრულობად მეჩვენებოდა. ჩემი ცხოვრების ამ ერთფეროვან, რუტინულ პერიოდში, მეგობრების გვერდში ყოფნა და მათი მხარდაჭერა თავდაჯერებულობის შენარჩუნებაშჲ მეხმარებოდა. წინ იმდენად შეუპოვრად მივიწევდი, რომ მჯეროდა, ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოწვევას გავუძლებდი. თავისით მოვიდა სამსახური, წარმატება და შინაგანი ჰარმონიაც...

ვფიქრობ, თუ სხვაც ჩემსავით ვარდისფერი შუშით შეხედავს სამყაროს, მისი თვითშეფასების კრიტერიუმიც აიწევს და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ვეღარაფერი დააბრკოლებს.
ადამიანები მაქსიმალისტები ვართ და მიღწეული არასოდეს გვაკმაყფილებს – უფრო მეტი გვინდა - ცხოვრებაც იმდენად ფერადია, რომ მოწყენის დროს არ მოგცემს!!!

ამბობენ, რეალურ ჰარმონიას ქალები, ყველაზე მეტად, სიბერეში ვგრძნობთ. როდესაც უკვე ვფლობთ საკუთარ თავს, აღარაფერს ვნანობთ და პრობლემებს მშვიდად ვხვდებით...

ადამიანის დაბადების ასაკი, თითქმის არასოდეს შეესაბამება მის ფსიქოლოგიურ ასაკს. ჩვენც ვეცადოთ ვიპოვნოთ საკუთარი თავი და ამაყად მივყვეთ ცხოვრების გზას – ცხოვრება მშვენიერია!!!